Ketusi's Blog

take it easy,it's just life

დაისვენეთ ფასანაურში

ფასანაურის ტყეშემოდგომა  ძალას იკრებს და უკვე გადავეწყვეთ სწავლა-მუშაობის რეჟიმზე. ლოგიკური კითხვა წარმოიშვება ხოლმე  : როგორ გაატარე ზაფხული?სად დაისვენე? …ყველა თავის ამბავს ყვება,გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს,წუწუნებენ,თუ თბილისში მოუწიათ დარჩენა.მეც მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ,იმიტომ რომ მინდა გაგაცნოთ ან შეგახსენოთ ისეთ საკურორტო ადგილის არსებობა, როგორიც ფასანაურია. შარშან მანგლისში დასვენნებაზე პოსტი დავწერე ,რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა,ამიტომ მოდით,ეხლა ფასანაურს გაგაცნობთ,რა იცი,ეგებ მოიხიბლოთ ამ ადგილით და იქ გადაწყვიტოთ დასვენება 😉

ინტერნეტშიც ნახავთ ინფორმაციას იმაზე, რომ ფასანაური არ არის სოფელი–ეს არის დაბა (დუშეთის მუნიცეპალიტეტში),ის მთიულეთის გულია,როგორც იქაურები ამბობენ. ეს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული, თუმცა პატარა დაბაა,რომელიც ოდითგანვე საკურორტო ზონად ითვლება.ბავშვობაში,ცხოვრებაში პირველად,უცხოელი ტურისტი იქ ვნახე.შორტებიანი გერმანელი ქალები და კაცები მაშინ ძალიან უჩვეულო სანახავი იყო.

მაშ ასე, თანმიმდევრულად გაგაცნობთ ფასანაურს,ვეცდები არაფერი გამომრჩეს.დედაჩემი წარმოშობით იქიდანაა,პაპისეულ სახლში ბავშვობის ბევრი ზაფხული გამიტარებია.ბოლო წლებშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი,სხვათაშორის ამ ასაკში უკვე სხვა გადასახედიდან ვაფასებ ყველაფერს,ჰოდა ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით,რასაც ვერცერთ ინტერნეტრესურსში ვერ ნახავთ.უამრავი სურათი ჩამოვიტანე,თუმცა რამდენიმე FB გვერდზე განთავსებული სურათიც ‘წამეშველა’.

ადგილმდებარეობა

ფასანაური საქართველოს რუქაზე.Pasanauri ფასანაური საქართველოს რუქაზე.Pasanauri როგორც ზევით დავწერე,ფასანაური (Pasanauri)  მთიულეთს,კერძოდ დუშეთის მუნიცეპალიტეტს  ეკუთვნის.ეს მთიანი ზონაა,ისეთი ციცაბო მთებია, რომ  საკმაოდ დიდ ძალისხმვას მოითხოვს მათზე ‘აბღოტება’.

          ფასანაური თბილისიდან 80 კილომეტრშია,სამარშრუტო  ტაქსები დიდუბიდან დადიან და ანდომებენ 1.5 საათს,აი  მანქანით კი ერთ საათშიც ჩახვალთ.გზა სრულად  მოწესრიგებულია და უსაფრთხოა.დაბაზე სამხედრო გზა    გადის,რომელიც დისკომფორტს უქმნის  მოსახლეობას,ამიტომ გადაწყვეტილია, რომ არაგვის  სანაპიროზე გადაიტანონ.ფასანაური გუდამაყრის ქედს  ემიჯნება.

ფასანაური/Pasanauri

ფასანაური აგრეთვე მთიულეთის და გუდამაყრის არაგვის შერწყმის ადგილიცაა,რაც ძალიან საინტერესო სანახავია(ამაზე ქვემოთაც მოგახსენებთ).

თბილისიდან მიმავალი თუ სოფელ ხანდოსთან ხევ  ხანდოსხევზე გადებულ ამ დიდ რკალისებრ ხიდს გადაივლით, ესეიგი მალევე აღმოჩნდებით ფასანაურშიც.ფასნაურში შესასვლელს კი ირმების ქანდაკება გაუწყებთ.

ხანდოს ხიდი

ხანდოს ხიდი

ირმები ფასანაურის შესასვლელთან

ისტორია

ბევრმა არ იცის,რომ ადრე ფასანაურს  “ფას არეული” ერქვა.ეს ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ საკვანძო ადგილი იყო და მთელი მთიულეთიდან სავაჭროდ აქ ჩამოდიოდნენ,შესაბამისად,ფასებიც სხვადასხვა იყო.ამის გარდა,რადგან ფასანაური ისტორიულად რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზაზეა განლაგებული,აქ იყო ‘ზასტავა’,ანუ სამხედრო ძალების ბლოკპოსტი,რომლის სახელწოდებაც ეხლაც შემორჩა ფასანაურის ერთ განაპირა უბანს,მას’ზასტაოს’ უწოდებენ.გარდა ამისა, ფასანაურში ადრე სამხედროების დასასვენებელი ადგილი ყოფილა,მაგალითად, პაპაჩემმა სახლის საძირკველის შენებისას აღმოაჩინა აბანოების ნარჩენები.თურმე.ფასანაურში იყო საავადმყოფო,რომელიც ერთადერთი იყო იმ მხარეში და რომელიც დღეს,სამწუხაროდ,გაუქმებულია.ის რამდენიმე წლის წინათ გაუუქმებიათ! ფასანაურში იყო იმ მხარისთვის ერთადერთი აფთიაქი (რომელიც ეხლაც ფუნქციონირებს).მოკლედ,მთიულეთის მინიცენტრი იყო ოდითგანვე ფასანაური.

მარგებლობა

ჰაერი

როგორც ზევით დავწერე,ფასანაური საკურორტო ზონაა.აქ დამსვენებლები ზაფხულობითაც და ზამთარშიც ჩამოდიან,ზაფხულში მთელი სეზონით ქირაობენ ბინებს და ძირითადად აგვისტოს ბოლომდე რჩებიან.ყველაზე ცხელი ივლისია,თუმცა წელს ივლისში ძირითადად წვიმები იყო და ციოდა.ჰაერი იმდენად მსუბუქია,რომ არ შეიძლება,რომ განსხვავება ვერ იგრძნოთ.სხვათა შორის ფასანაურის ცენტრში უფრო თბება ჰაერი,აი მთის გასწვრივ ,ამაღლებულ ადგილებში კი ტემპერატულა ალბათ 2 გრადუსით უფრო ცივია.ეს იგრძნობა,მაგალითად,პაპაჩემის სახლში,წყაროს უბანში რომ ავდივარ ხოლმე.მაგრამ როგორც იტყვიან,აქ ჰაერი ოთახშიც და ეზოშიც ერთნაირად სასარგებლოა.ფასანაური ათას მეტრზე მაღლა მდებარეობს,არ არის გასაკვირი 🙂

გარშემო სულ ტყიანი მთებია,არაგვის პირას ძირითადად მუხის ტყეებია,მარჯვენა მხარეს კი შერეული ფოთლოვანი ტყეებია,სადაც უხვადაა წიფელი,იფანი, მუხა და სხვა .ფასანაურში არის ხელოვნური ორი წიწვოვანი ტყეც,ფიჭვნარი.წელს ვიყავით ასულები ფიჭვნარში პიკნიკზე, შესანიშნავი დრო გავატარეთ.აღმართზეა სასიარულო,ამიტომ ზოგს უჭირს ასვლა, მაგრამ ნორმალური ჯანმრთელობის ადამიანისთვის არ არის რთული ასავლელი.

ფასანაურის ფიჭვნარი  fichvnari

2013-08-09 17.03.09

წყალი

ფასანაური კარგად არის უზრუნველყოფილი ონკანის წყლით,რომელიც წარმოადგენს მთის წყარის წყალს,ის ძალიან ცივი და გემრიელია,თუმცა წყაროს უბანში არის წყარო,საიდანაც მთელ ფასანაურს მიაქვს წყალი,იქ უხვად მოედინება წყალი, არასდროს შრება,თუმცა წვიმებისას ოდნავ იმღვრევა.ამბობენ, რომ შეამოწმეს წყლები და ონკანის წყალში უფრო მეტი იოდის შემცველობა იყო,ვიდრე წყაროს წყალშიო.რა ვიცი, ჩვენ ორივეს ერთნაირად ვსვამთ 😉

ფასანაურის დასაწყისში არის მჟავე წყლის ნაკადული.ის კუჭნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ გამოიყენება.მარტო ერთ ადგილას კი არა, რამდენიმეგან არის მიწიდან გამოჟონილი.

არაგვი

ამბობენ,რომ არაგვში თუ სამჯერ გაივლი,სახსრები არ შეგაწუხებსო.მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს, რადგან ძალიან ცივი წყალია.საერთოდ,არაგვში ბანაობენ 3-4 საათებში,ამ დროს მზეც მაგრად აჭერს და წყალიც შედარებით თბება.აქაურები წყალკურთხევის მერე (19 აგვისტო) არაგვში არ ბანაობენ.ეს იმიტომ, რომ ამ დღიდან ამინდები იცვლება,აგრილდება ხოლმე.

არაგვზე საცურაო კოსტუმებით (‘კუპალნიკებით’ ) მზის აბაზანების მიღება ჩვეულებრივი ამბავია,ეს ტრადიცია ბევრი ათწლეულია დამკვიდრებული.თუმცა არც შორტებით და მაისურით ბანაობა ითვლება ‘გოიმობად’ 🙂 .მზესთან მიმართებაში მეტი სიფრთხილეა საჭირო ზღვისპირეთისგან განსხვავებით.მაღალი ადგილია,შესაბამისად მზე უფრო მწვავეა.აქ ბავშვები დისლის 9 საათიდან 11მდე დაყავთ არაგვზე,მერე კი საღამოს 5დან. უფროსები კი მაინცდამაინც არ უფრთხილდებიან თავიანთ თავს, ამიტომ ‘გოჭივით დაბრაწული’ და დამწვარიც ბევრი ვნახე წელს.

მცენარეები

გარემო სავსეა სამკურნალო მცენარეებით,ნაყოფიანი ხეებით და კენკროვანი ბუჩქებით.მე თავშავა დავკრიფე ბლომად,ასევე კრაზანა და ფარსმანდუკი.მშვენიერი,ეკოლოგიურად სუფთა გარემოა.აუცილებლად წაიღეთ სამკურნალო მცნარეების წიგნი და იმით იხელმძღვანელეთ.

მე დავკრიფე თავშავა,კრაზანა,ფარსმანდუკი.ჩვენი სახლის ეზოში და შემოგარენშიც იზრდება ქრისტესისხლა,რომელსაც ბავშვობიდან იოდის ბალახს ვუწოდებდით,მისი ღეროს წვენი იოდისფერია,ჭრილობაზე ვისმევდით—უებარი წამალია.გარდა ამისა, ჩვენი სახლის ღობეზე იზრდება პაწია გვიმრასავით მცენარე, რომელიც თურმე ღვიძლის წამალი ყოფილა.

კრაზანა თავშავა ქრისტესისხლა ანწლი სამკურნალო მცენარე, რომელიც ჩვენ ღობეზე იზრდდება

ზაფხული-ზამთარი

ფასანაურში ზაფხული ადრე უფრო ცხელი ყოფილა ხოლმე,წელს ყველა ჩიოდა, რომ ცუდი ამინდებიაო.ზოგადად <რაც არ უნდა სიცხე იყოს,ჩრდილში კარგი სიგრილეა.ცუდ ამინდში დღეში 4ჯერაც კი მოგიწევთ გამოცვლა,კარგ ამინდში კი 3ჯერ.თან წაიღეთ ბევრი თბილი ტანსაცმელი და ასევე რამდენიმე თხელი :)) მე რეიტუზებიც კი მქონდა წაღებული და თბილი ხალათი—იცით რა კარგად გამომადგა! ღამე საბანი უნდა დაიხუროთ,ისე გრილა.

ზამთარი საკმაოდ ცივია ,ძალიან დიდი თოვლი არ იცის.ფასანაურში იშვიათია ქარი.

ფასანაური ზამთარში ფასანაური ზამთარში

კომფორტი

ფასანაური ყოველთვის მოწესრიგებული დაბა იყო,აქ ვერ ნახავთ ქუჩაში ტალახს.სანაგვე ყუთებიც აწყვია.დაბაზე ორი გატკიცინებული გზა გადის,ჩიხებიც და პატარა ქუჩებიც ასფალტირებულია.სხვათა შორის,ბავშვობაში სულ მიკვირდა რატომ ამბობდნენ,რომ სოფელში ტალახიოა :))) მე სადაც ვისვენებდი არსად ტალახი არ მინახავს და აბა რა იქნებოდა.

ფასნაურის ორღობე ფასანაურის გზა ფასანაურის ქუჩა

წყალი ყველას მოსდის ონკანში.პატარ-პატარა ბასეინებია მთაში გაკეთებული,წყაროს წყლით,და იქიდან მოდის წყალი.ფასანაურში წყაროა,დიდი ნაკადი აქვს,აქიდანაც მიაქვთ დასალევი წყალი.

ფასანაურის წყარო

ბევრგან არის გაკეთებული კანალიზაცია.ზოგს,როგორც ,მაგალითად,ჩემს ბიძაშვილს(პაპისეული სახლი ვისაც ერგო მემკვიდრეობით) გაკეთებული აქვს ადგილობრივი კანალიზცია.ამიტომ პირობები იგივეა,რაც ქალაქში.

დაბა მთლიანად გაზიფიცირებულია,სულ თავიდანვე ასე იყო.იქ გადის ცენტრალური გაზსადენი და ამიტომ დაბაც სარგებლობს.ოთახში ბებიაჩემს გაზის ფეჩი ედგა,მაგალითად,ზამთარში იმით ვთბებოდით.რა შეშა რის შეშა .შეშის ბუხრებს დეკორისთვის აკეთებდა ხალხი.

მაღაზიების მხრივ ის პრობლემაა,რომ საკმაოდ განსხვავებული ფასებია თბილისთან შედარებით.ყველაფერი ძვირია.ყველა ცდილობს თბილისიდან ჩაიტანოს პროდუქტი,დამსვენებელიც და ადგილობრივიც.აი შოთის პურები (კორპუსებთან) ძალიან გემრიელი ცხვება,70 თეთრი ღირს და კარგი ზომისაა.ჩვეულებრივ პურს კი 11 საათის მერე მოიტანენ ხოლმე.ჩასარიცხი აპარატი ორია,ფასნაურის შესასვლელისკენ,იქვეა აფთიაქიც.ფასანაურში,შავი არაგვის მხარეს დიდი ბაზარია გაკეთებული და იქ კვირაობით იმართება ვაჭრობა.გუდამაყრიდან და მთიულეთიდან ჩამოდიან გლეხები და ყიდიან ახალ ხორცს,კარაქს,ერბოს,ხაჭოს,კვერცხს,ქათამს ,კენკრას,ხილს და ასე შემდეგ.ოღონდ იქ 6-7 სათზე უნდა მიხვიდე,თორე მერე გადამყიდველები ყველაფერს ყიდულობენ და მოაქვთ მერე თბილისში.

რამდნიმე რესტორანია,სადაც ხინკალსაც მოგართმევენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყველაზე გემრიელი ხინკალი ფასანაურიდან რამდნიმე კილომეტრში რესტორან “ქორბუდა”-ში აქვთ.

ფასნაურის ძირითადი და პატარა გზებიც კი კარგად განათებულია ღამე.

ძირითადად მთელი დაბა ისეა განლაგებული, რომ ადვილია მანქანით სახლამდე მისვლა.

არაგვზე სამი ხიდია,ძირითადად სულ რკინის მილებისგან შეკრული კონსტრუქციებია,შუაში დაბეტონებული.მყარი და უსაფრთხოა.

ხიდი არაგვზე ხიდი არაგვზე

ფასები

ისე, ფასანაური ერთ-ერთი ძვირიანი საკურორტო ზონაა.აქ ფასები სეზონზე 800 ლარიდან იწყება,ზოგ ოჯახს 1200 ან 1500 ლარადაც კი აქვს გაქირავებული ოთახები.არის სასტუმროებიც,დღეში 25 ლარიანი და ძვირიანიც,ყველანაირი კომფორტით.წელს არ იყო ბევრი დამსვენებელი,როგორც იქაურები ამბობდნენ,თუმცა საღამოს სასეირნოდ გამოსული ახალგაზრდობით თუ ვიმსკჯელებთ–ვერ ვიტყოდი,რომ ცოტა  დამსვენებელი იყო.

რა შეიძლება მოინახულოთ

ფასანაურში ღირსშესანიშნობები ცოტაა, მაგრამ სანახავი და კარგი დროის გასატარებელი ადგილები მაინც ბევრია.სხვათა შორის ამ პოსტის დაწერა იმანაც გადამაწყვეტინა,რომ გამიკვირდა,რომ ჩემი ბიძაშვილის სახლში მცხოვრებმა დამსვენებელმა არ იცოდა ისეთი ადგილები (რაზეც დაბლა მოგითხრობთ),სადაც მშვენივრად შეიძლება კარგი დროის გატარება ბუნების წიაღში.

უპირველესად ალბათ თეთრი და შავი არაგვის შერწყმის ადგილი უნდა ნახოთ.ეს მართლაც საოცრებაა.მთიულეთის მხრიდან მოდის თეთრი არაგვი,გუდამაყრის მხრიდან კი შავი არაგვი.შავი არაგვი იმიტომაა,რომ მოაქვს შავი შლამი( წვრილი ქვიშა),ამიტომ წყალი შავია,ნაპირებიც და ქვებიც.ფასანაურის დასაწყისში ორივე არაგვი ერთმანეთს შეერწყმის,თუმცა შავ-თეთრი ზოლი დაახლოებით ათი მეტრის სიგრძეზე შენარჩუნებულია და მხოლოდ ამის მერე ირევა წყალი ერთმანეთში.შავი და თეთრი არაგვის შერწყმის სანახავად ფასანაურის დასაწყისში,ირმებთან უნდა ჩახვიდეთ და იქიდან კარგად ჩანს.

შავი არაგვი შავი არაგვი

ჩემთვის ყოველთვის საკვირველი ფაქტი იყო,თუ რატომ ქვია შავ და თეთრ არაგვს ორივეს ‘”არაგვი” ,ხომ შეიძლებოდა ეს ორი,დამოუკიდებელი დიდი მდინარე სხვადასხვა სახელით ყოფილიყო,მაგალითად ერთი — არაგვი, მეორე კი “რაიმე სხვა სახელი”,ნუ, თეთრი არაგვი უფრო უნდა იყოს არაგვი,რადგან სათავეს არახვეთის ხეობიდან იღებს,აი გუდამაყრის შავი არაგვისთვის რატომ არავინ მოიფიქრა სხვა სახელი? არ გიკვირთ? ნუ, ასეა თუ ისე, ფასანაური მაგითაცაა ცნობილი,რომ აქ ორი მდინარე ეჯახება ერთმანეთს 🙂

შავი და თეთრი არაგვის შერწყმა

არაგვზე საბანაოდ დილიდან დადიან,თეთრ არაგვზე დადიან ძირითადად,რადგან მზე უფრო მეტ ხანს უდგება,თუმცა ექვსის ნახევარზე მზე მთას ამოეფარება ხოლმე და საგრძნობლად აგრილდება და ყველა სახლებში მიდის.კარგი პლიაჟებია,ფართო.აი კორპუსებთან უფრო მცირე პლიაჟებია, თუმცა ხალხი არ აკლია.

ფასანარი,არაგვის პლიაჟი

არაგვში ბანაობა საფრთხილოა,ძალიან ძლიერი ნაკადია,თუმცა ზოგგან ღრმა სულ არ არის,მუხლამდეა, მაგრამ თუ ძლიერი არ ხარ,მყარად ფეხზე ვერ გაჩერდები.ბიჭები ფასნაურის მეორე ბოლოში, კორპუსებთან,დიდი კამერებით დაეშვებიან ხოლმე და ჩამოდიან მეორე ბოლოში.მშობლები ბავშვებს ნაპირთან ბასეინებს უკეთებენ დიდი ქვების მეშვეობით,რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იბანაონ.ზოგგან ისეთი მატყუარა სიღრმეა,რომ სადაც არ ელოდები,ნაპირიდან ნახევარ მეტრაშიც კი შეილება ბარძაყამდე იყოს წყალი,ეს თავად ‘გამოვცადე’:)))

კორპუსებთან არაგვი ორ ნაკადად იშლება დაახლოებით 50 მეტრის სიგრძეზე და წარმოიქმდნება კუნძული.,ერთ მხარეს  საკმაოდ სწრაფი ნაკადია,მეორეზე კი მდორე.ზუსტად ამ მდორე ნაკადთან იკრიბება ყველაზე მეტი ხალხი,ბავშვები დაყავთ და ირუჯებიან,თუმცა ვიწრო პლიაჟია.ცოტა ზევით არის კატლავანი —ჩაღრმავებული ადგილი,სადაც მოზარდები და დიდები ხტებიან.საკმაოდ ღრმაა,ალბათ ორ მეტის სიღრმისაა.ცოტა დაბლა მცირე ჩასახტომია,ბავშვები იქიდან ხტებიან წყალში და არის ერთი ჟრიამული.

ძალიან მიყვარს ფასანაურის ხევი.ფაქტიურად პატარა მდინარეა,მაგრამ სახელი არ აქვს მგონი, ყველა ხევს ეძახის.სიცხეების დროს თითქმის სულ შრება,აი თუ წვიმები იყო, მაშინ ბლომად წყალი მოედინება!.წყალი სუფთაა და დასალევად გამოდგება,ძალიან გემრიელია,თან ძალიან ცივი.ხევში ასასვლელი სასაფლაოს გასწვრივაა, მერე ზევით უნდა წახვიდეთ,აღმართზე და იქ იშლება ულამაზესი ბუნება.ამ ზაფხულს ორჯერ ვიყავით ასულები,კარტოფილი და სოსისები წავიღეთ, დიდი კოცონი დავანთეთ,მერე კი ნაკვერჩალზე შევწვით კარტოფილი და სოსისი—ძალიან გემრიელი იყო!. ქედის ძირში,პატარა მინდორზე   მისასვლელად,ქვის ღობეზეც ვძვრებოდით,სმაგიეროდ იქ თივის ზვინს მიყუდებული რომ ათვალიერებ გარშემო ბუნებას,სასწაული სიმშვიდე გეუფლება.

ფასანაურის ხევი ხედი ფასანაურის ხევიდან

ფიჭვნარი მანამდეც ვახსენე….არ არის ძალიან შორი გზა,წყაროს მხრიდან უნდა წახვიდეთ,გაუყვეთ გზას,იაროთ,იაროთ, ახვიდეთ აღმართზე,იქ,სადაც დიდი ხე არის ორ ბორცვს შორის გაწოლილი და უკვე ფიჭვნარში ხარ!.იქაც კარგი კამპანიით წავედით,კარტოფილი წავიღეთ,ნაკვერჩალზე შევწვით,გემრიელად მივირთვით.ბევრი ვითამაშეთ,ბუნებით და ჰაერით ვისიამოვნეთ.იქვე წყაროც არის, ასე რომ წყლის თან წაღება არ დაგჭირდებათ.ახალ ნაწვიმარზე იქ ნუ წახვალთ,ორი დღე მშრალი ამინდი მაინც უნდა იყოს,რომ იქ ყოფნით ისიამოვნოთ და გზად არსად დაცურდეთ.

მეორე,კორპუსებთან რომ არის,წიწვნარში არ ვარ ნამყოფი და ვერაფერს ვიტყვი.

ფასანაურის შესასვლელთან,სადაც აფთიაქია,არის ხიდი,რომელსაც გუდამაყრისკენ გადავყევართ და შემდეგი ხიდი კი უკვე შავ არაგვზეა გადებული.შუალედში ქედზე თეთრი ჯვარია აღმართული,იქ მისასვლელად პატარა ბილიკია.ტრადიციულად ახლგაზრდები იქ სურვილს ჩაუთქვამენ ხოლმე და რაიმე ნივთს ტოვებენ.იქვეა ნატვრის ხეც,მასზე ასხმული უამრავი ჭრელაჭრულა ნაჭრის ზონრებით.

ფასანაური

ფასანაურში საკმაოდ დიდი ეკლესიაა,დიდი ეზოთი და სხვა ნაგებობებით.სხვათა შორის ადრე აქ, ჩემი ბავშვობის დროს,იყო უდიდესი უნივერმაღი.ეს უნივერმაღი კი ადრე,გაგანია კომუნისტობის დროს დანგრეული ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულა.მის უკანა მხარეს კი ფასანაურის სასაფლაოა.სხვათა შორის ამ ეკლესიის დანგრევაში ვისაც მონაწილეობა მიუღია — ყველა ოჯახი დაისაჯა.ზოგს შეიძლება არც სჯერა, მაგრამ ჩვეულებრივი კანონზომიერებაა ეს ფაქტი და ძნელია თვალი დახუჭო.აქაურ მღვდელსაც აქებენ,თან მისი მღვდლობაც სასწაულს უკავშირდება.ეს ამბავი ზუსტად არ მახსოვს,ამიტომ დავაზუსტებ და მერე დავწერ,თუ დაინტერესდებით.

ფასანაურის ეკლესია ფასანაურის ეკლესია ფასანაურის ეკლესია

იქვეა სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი,ლამაზი ქანდაკება და პატარა ბაღი.

მემორიალი

მგონი მეტი არაფერია სანახავი,ნუ,ეხლა აღარ მახსენდება ყოველ შემთხვევაში.

ჩვენი სახლი

მოდით, ცოტას პაპაჩემის აშენებულ სახლის შესახებ დავწერ.

პაპა,სიმონ ამირიძე,მთიულეთში ცნობადი სახე იყო.წარმოშობით ამირნიდან,ფასანაურიდან 7 კილომეტრში მდებარე სოფლიდან.ეს ოჯახი ოდითგანვე მოწინავე ოჯახი იყო,ოქრომჭედლები  იყვნენ.ამირთაშიც კი ყველაზე კარგი,ბანიანი სახლი პაპაჩემს ქონია და დელეგაციებს მის სახლში ღებულობდნენ ხოლმე.პაპაჩემი მჭედელი ,გამომგონებელი ,ხელოსანი და უჭკვიანესი ადამიანი იყო ,სხვათა შორის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენლები საგანგებოდ ეწვივნენ თურმე პაპაჩემს და რკინის წრთობის მეთოდი ჩაუწერიათ.ფასანაურში სამამულო ომის მერე დაიწყო სახლის აშენება და ჯამში 15 წელი მოანდომა,სამაგიეროდ,ამის თამამად თქმაც შეიძლება, მთელს ფასნაურში ყველაზე კარგი სახლი ააშენა,რომელიც ეხლაც ინარჩუნებს სახეს.საძირკველიანი, ნახევარმეტრიან კედლებიანი ორსართულიანი სახლის ყველა დეტალი უზადოდ არის შესრულებული.წელს განგებ მთელი ფასანაური შემოვიარე და ძველ სახლებს დავაკვირდი და მართლაც დავადგინე, რომ ისეთი კარ-ფანჯრის ხარისხი,კონსტრუქციის სილამაზე და დეტალების სინატიფე არცერთ სხვა სახლს არ აქვს.სამწუხაროდ,ამჟამად ის არც ისეთი კარგი მოვლილია.პირველ სართულზე ღია აივანი იყო,რაც ჩემმა ბიძაშვილმა მოშალა და ამოაშენა,რომ შიდა კიბე გაეკეთებინა,ჩვენი თბილისში წამოსვლის მერე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარაც ჩაუსვამს.პაპაჩემი ისეთი კაცი იყო, რომ საიდან ღა არ მოდიოდა ხალხი და სახლის აშენებაზე რჩევას ეკითხებოდნენ, ამიტომ არ არის გასაკვირი,რომ სახლის ადგილმდებარეობა შესანიშნავი აქვს არჩეული.სახლი წყაროს უბანშია,ამაღლებულ ადგილას,სადაც არც ზვავსაშიშროებაა და არც ადიდებული ხევი დაემუქრება.სახლის წინ ეზო დაბეტონებულია,რკინის მოაჯირი და ბაღის ღობე აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა სახლების ღობეებისგან.სახლის ეზოდან გავდივართ ბაღში, რომელიც დაქანებულია და იქ კიბეებით ჩავდიოდით.დღეისთვის ბაღის ნაწილი სხვას ეკუთვნის და დიდი აგურის სახლი ააშენეს,თუმცა დაბლა წყარომ ამოხეთქა და ამიტომ ეს 3 სართულიანი სახლი დაუმთავრებელი დგას.დაბლა გთავაზობთ ჩვენი სახლის ფოტოებს.ეგებ მოგეწონოთ და მომავალ წელს აქ გადაწყვიტოთ დასვენება,ზაფხულში აქირავებენ ხოლმე.

პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი Pasanauri (5) პაპაჩემის სახლი Pasanauri (6) Pasanauri (7) პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი პაპაჩემის სახლი

საბოლოო ჯამში ერთი თვის მანძილზე მშვენივრად დავისვენეთ ფასანაურში.ეხლაც ვგრძნობ იქიდან მოყოლილ ენერგიას.შთაბეჭდილებებიც კაი ხანი მეყოფა.ძალიან გრძელი პოსტი გამოვიდა,ამიტომ ვასრულებ… ბოლოს კი ჩემი დასვენების ამსახველ სურათებს დავდებ,მაინც პირადი ბლოგია,ხო!?

ფასანაური-ხიდი შავ არაგვზე,მე და ბონი ფასანაური.მე და ბონი არაგვის პირას ფასანაური.ამის ზევით არის ფიჭვნარი ფასანაური.ხევში ვიყავით,კოცონი უნდა გავაჩაღოთ,თან ვმაიმუნობთ ფასანაურიფიჭვნარში/.კარტოფილი ნაკვერჩხალშია,ზემოდან კი ვაშლები იწვება ფასანაური.ფიჭვნარში ფასანაური.ჩვენი კოცონი ფიჭვნარში ფასანაური.ფიჭვნარში მეგობრებთან ერთად ვიყავით,ვიტამაშეთ,გავერთეთ და მერე მე და ჩემმა დამ კოცონი დავანრთეთ,ნაკვერჩხალში კი კარტოფილი შევწვით ფასანაური.ფიჭვნარი ფასანაური.ხევსიც შევწვით სოსისები ფასანაური.ხევში ნაკვერჩხალზე შემწვარ კარტოფილსა და სოსისებს მივირთმევთ ფასანაური.ხევი.ჯერ კარგი კოცონი უნდა იყოს,რომ ბევრი ნაკვერჩხალი ჰქონდეს ფასანაური.იფ იფ, რა გემრიელი  იყო ფასანაური. მე და ხევი  *__* ფასანაური. ხევში ბოლოს ყოფნისას, საზამთრო დაგვიგორდა და გასკდა

10 responses to “დაისვენეთ ფასანაურში

  1. გოჩა სექტემბერი 23, 2013, 11:56 PM

    ძალიან კარგი ბლოგია; მართლაც ლამაზი მხარეა და იმედია მომავალში უკეთესად მიხედავს მთავრობა ინფასტრუქტურის და სასტუმრო ბიზნესის განვიტარებას, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტების მოზიდვას 🙂

    • ketusi.com სექტემბერი 24, 2013, 4:32 PM

      მადლობა
      კი, სასტუმროები შენდება,აი ინფრასტრუქტურა უფრო ცუდ დღეში.სკოლა და ბაღი კია კარგი, გზებიც არაუშავს, მაგრამ ბევრიო რამაა გასაკეთებელი,მართლა კარგი ადგილია

  2. ნათიკო =) დეკემბერი 9, 2013, 10:02 PM

    ძალიან კარგი პოსტია!!! ცხრა წელია ფასანაურში ვისვენებ, ძალიან მიყვარს ეს მხარე, ბებიაჩემი აქედანაა წარმოშობით. ისე კარგად იყო პოსტში აღწერილი ყველაფერი, თითქოს ფასანაურის ჰაერიც კი იგრძნობოდა ^_^

  3. irina ივლისი 17, 2014, 1:00 PM

    mshvenieria… ❤ fasanauris modzgvari mama shio kaishauri, rogorc vici, 37-shi daxvrites. masze sxva araferi vici. iqneb amazec dawerot.

  4. levani ივლისი 11, 2016, 5:11 PM

    ფასანაური ძალიან კარგი ადგილია. მხოლოდ აქ ვისვენებ სულიერად. ყველა კუთხე-კუნჭული ნაცნობია და მიყვარს!

    • ketusi.com ივლისი 12, 2016, 5:25 PM

      მეც ძალიან მიყვარს….ჩემები იქ ისვენებენ წელს, მე ერთი დღთ ჩავედი, რომ ჩავიყვან და განვიმუხტე და სულიერად დავიმუხტე, რომ იტყვიან

  5. ეთე აპრილი 26, 2018, 12:20 AM

    მადლობა ძალიან ვისიამოვნე. ეს კუთხე მართლაც გამორჩეულია საქართველოს დანარჩენ კუთხეებს შორის.
    შენმა მოგონებებმა გერმანელებთან დაკავშირებით მეც გამახსენა ჩემი ბავშვობა ,როცა მათ ქუჩაში ვხვდებოდით მოდიოდნენ და უგემრიელეს საღეჭ რეზინებს გვაძლევდნენ,მაგრამ რად გინდა ,მერე ,მეორე დღეს გვიხდებოდა თავის მართლება სკოლის დირექციასთან 😁
    წელიწადში ერთხელ ჩავდივარ ხოლმე ფასანაურში და იმხელა ენერგიას ვიღებ რომ მთელი წელი მყოფნის. რამხელა პოზიტივია ყველაფერში ,როგორი გულღია და ალალი ხალხი ცხოვრობს, რამხელა სითბო და სიყვარულია ყოველი სახლის ზღრუბლთან,ძალიან მიყვარს ჩემი ფასანაური, მაგრამ გული მიკვდება როცა ვუყურებ ჩამოსაშლელად გამზადებულ, ერთ დროს ზვიადად მდგარ სასტუმრო “”არაგვს” ,ფასანაურის ფოსტას, ინტურისტს სადაც მხოლოდ უცხოელები ისვენებდნენ ხოლმე, ნუთუ არავინ გამოჩნდა ისეთი ,ვინც სულს ჩაბერავდა და ახალ სიცოცხლეს აჩუქებდა მათ

    • ketusi.com მაისი 1, 2018, 1:29 PM

      მართალი ბრძანდებით,მეც მ~გული მწყდება როგორ ‘გაატყავეს’ ინტურისტი,სხვათა შორის ეგ შენობა ბიძაჩემის აშენებულია, საბჭოთა კა
      ვშირის დამსახურებული ინჟინერი იყო,ამიტომ უფრო მეტად მტკივა გული,რომ ასე გაფარჩაკდა…ფოსტაც სულ მოისპო,,,,,იმედია, მათ ჩაანაცვლებენ ახალი შენობებით.

      • ეთე მაისი 20, 2018, 5:35 PM

        ყოველთვის როცა ფასანაურში ჩამოვდივარ მინდა დავინახო ჩემი ბავშვობის ის ფასანაური სადაც ულამაზესი წლები გამიტარებია,მაგრამ რას იზამ ყველაფერი იცვლება ან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.
        ამ შემთხვევაში სამწუხაროდ უფრო უარესობისკენაა,ასე იყო წინა მთავრობის დროს და არც ეხლა იცვლება რამე 😔
        თუ არ ვცდები მანდ თქვენს უბანში ცხოვრობდა ცნობილი პოეტი შოთა ქავთარაძე,წლების წინ მისი ლექსების კრებული მაჩუქა ავტოგრაფით,რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
        ახლა არ ვიცი სადაა დიდი დრო გავიდა მას მერე

შენი კომენტარი