Advertisements

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

უცნაური ამბები ჩვეულებრივი ადამიანის არცთუ მთლად ჩვეულებრივი ცხოვრებიდან

მის თავს გადახდენილ იდუმალებით მოცულ მისტიურ ამბებს გვიყვება  ქეთევან გოგიაშვილი (ასევე იხილეთ მისი ბლოგი  infobiz.ge )

(გიყვებით მხოლოდ ქეთუსის ხათრით)

keyდაკარგული გასაღები

 ერთხელ, ახალ სამსახურს ვიწყებდი და დირექტორმა ჩემი კაბინეტის გასაღები გადმომცა, თან გამაფრთხილა – მაგის ასლი არ გვაქვს და კარგად მოუფრთხილდიო.

 საღამოს კარი გამოვკეტე, გასაღები ჯინსის შარვლის ჯიბეში ჩავიდე და პირდაპირ შინ წავედი. სახლში მისულმა კი, ტანსაცმლის გამოცვლისას, აღმოვაჩინე, რომ გასაღები აღარ მქონდა.

 სად არ ვეძებე, რა არ ვქენი… უზარმაზარი გასაღები იყო, ისე როგორ ამომვარდა, რომ დავარდნის ხმა მაინც ვერ გავიგე-მეთქი, მიკვირდა. ჯიბეები საგულდაგულოდ შევამოწმე, გარღვეული ხომ არსად იყო. ძალიან შევწუხდი, მაგრამ რას ვიზამდი.

 მეორე დღეს, დილაადრიან, ნაცნობობით ერთი ხელოსანი შევიპირე, რომ სამსახურში გამომივლიდა და ჩემს კარს საკეტს გამოუცვლიდა, ახალ უფროსს კი მოვუბოდიშე, ასე და ასე დამემართა-მეთქი. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ რა მექნა?

ხელოსანმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, დიდი ხნით დააგვიანა, არადა, იმ დღისთვის საჭირო მთელი მასალა ჩემს ოთახში იყო ჩაკეტილი და მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდით.

თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, დერეფანში გამოვედი, ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და დროის გასაყვანად ბოლთის ცემას მოვყევი. უცებ თითებში რაღაც ცივი მომხვდა, მოვსინჯე და… „დაკარგული“ გასაღები არ შემრჩა ხელში?! დღემდე არ ვიცი, იქ საიდან გაჩნდა.

juiceტერორისტი ჭიქა

 იმ ოთახში კიდევ ერთი უცნაური რამე მოხდა. რამდენიმე თანამშრომელი ერთად ვიყავით შეკრებილი, გაცხარებულები რაღაცაზე ვმსჯელობდით.

მაგიდაზე მინის ჩვეულებრივი ჭიქით „ფანტა“ მედგა. უცებ, ისე, რომ თითიც არ დამიკარებია, ჩემი ჭიქა… ყუმბარასავით აფეთქდა.

ისეთი ძლიერი ხმა იყო, ხალხი ეზოდან შემოცვივდა, რა მოხდაო, ოთახში მყოფები კი იატაკზე გაწვნენ J.

ჭიქა ერთ წამში მტვერივით წვრილ ნაწილაკებად დაიშალა.

ბროლის ჭურჭელზე კი გამიგია, მზის სხივი თუ მოხვდა რაღაც წერტილში, შეიძლება დაიმსხვრესო, მაგრამ ჩემი ჭიქა ბროლის არ იყო და არც მზის სხივი გახლდათ დამნაშავე – ოთახს ისეთი მდებარეობა ჰქონდა, სულ იმას ვუჩიოდი, მზე არსაიდან უდგება-მეთქი.

დენიანტიფიზიკა

 ძნელბედობის ჟამს, სამსახურში (ეს სხვა სამსახური იყო) ერთი ძველისძველი, სპირალიანი ელექტროღუმელი გვქონდა, გვათბობდა და თან ძალიან გემრიელ თურქულ ყავასაც გვიმზადებდა. ქვიშაზე მოდუღებულის გემო აქვსო, – ყველა ამბობდა და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უშნო იყო, ვერაფრით ველეოდით იმ ჯაბახანას.

 ერთხელ, შესვენებისას,  თანამშრომელი მაღაზიაში გადავიდა ხაჭაპურის მოსატანად, მე კი მის მოსვლამდე ყავის მომზადება გადავწყვიტე. ის იყო, ფინჯნებში ყავა ჩავყარე, რომ სპირალმა იბუთქა და გადაიწვა. უჰ, რაღა ახლა მოუნდა-მეთქი, – გავბრაზდი. ძალიან მეზარებოდა, მაგრამ როცა დავრწმუნდი, რომ მარტო ვიყავი და ჩემს მეტი ამას არავინ იზამდა, სპირალის აღდგენა გადავწყვიტე.

 თუ ვაკეთებ, ბარემ გულიანად გავაკეთებ-მეთქი, გაწყვეტილ ბოლოებს დამწვარი ნაწილები მოვაშორე, კარგად გავასუფთავე, მერე, ერთი ბოლო მარცხენა ხელში მოვიქციე, მეორე – მარჯვენაში, კიდევ ერთხელ შევამოწმე თითებით ორივე მხარე, ხომ ნამდვილად კარგადაა გაწმენდილი-მეთქი და ჩავაბი.

გეთანხმები, ამის გაკეთება ყველას შეუძლია და უცნაურიც არაფერია გარდა იმისა, რომ ცოცხალი ვარ მაშინ, როცა სპირალი ჩაბმისთანავე… ჩაირთო და წითლად აღუღუნდა – სანამ შეკეთებას გადავწყვეტდი, ქურის გამორთვა დამვიწყებია.

თითქოს ერთი ვედრო ცხელი წყალი გადამასხეს… სუნთქვა შემეკრა. იმის წარმოდგენაზე, რომ რამდენიმე წამის წინ პირდაპირ წრედში ვიყავი ჩართული (ერთდროულად მავთულის მარცხენა და მარჯვენა ბოლოებს რომ ვამოწმებდი) კინაღამ გული შემიღონდა.

რამ გადამარჩინა, აზრზე არა ვარ. ალბათობა იმისა, რომ დენი ზუსტად იმ ერთ წამში გამოირთო, როცა საფრთხე მემუქრებოდა, იმდენად მცირეა, რომ თეორიულ ვარიანტადაც კი არ გამოდგება. თქვენ რას იტყვით?

blessedჩემი წილი

 ამქვეყნად ყველაზე მეტად ხელოსნებთან საქმის დაჭერა მეჯავრება, მაგრამ მიწევს ხანდახან, ჩემდა სამწუხაროდ.

 ერთხელ, სახლში დაბრუნებულს გაზი დამხვდა გამორთული. მიზეზის დასადგენად, სასწრაფოდ გაზმომარაგების სამსახურს მივაკითხე.

 „შენ სოჩიკს კრანი ქონდა გაფუჭებული, აპარებდა, ახალი უნდა იყიდო და ჩაგირთამ“, – მითხრა ჩემი უბნის ხელოსანმა. მე რისი მყიდველი ვარ, ფულს მოგცემ, მიყიდე და ბარემ დამიყენე კიდეც-მეთქი, – ვთხოვე. კარგიო, – დამეთანხმა. რა ღირს-მეთქი და 10 ლარიო. ფული მივეცი და გავისტუმრე.

 შემთხვევით ნაცნობი შეესწრო ჩვენს საუბარს და როგორ მოგატყუა, 5 ლარიანი „კრანის“ საყიდლად 10 ლარი გამოგართვაო, –  მეუბნება. მაგან იდარდოს, თუ მოიტყუა, თორემ მე ჩემი არ დამეკარგება-მეთქი, – ვუპასუხე და ჩემს გზაზე წამოვედი.

ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ვხედავ… ქარი ტკიცინა ხუთლარიანს მოაფრიალებს ჩემკენ. პირდაპირ ფეხსაცმლის წვერზე დამაფრინდა შემოდგომის ფოთოლივით და გაჩერდა.

აი, ასე სწრაფად, ზუსტად და უცნაურად ამიხდა წუთის წინ ნათქვამი.

 astralშეხვედრა ასტრალში

 ერთი უახლოესი მეგობარი მყავდა (სამწუხაროდ, ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან), რომელსაც, ჩემი არ იყოს,  ყოველთვის რაღაც უცნაურობები (უჩვეულო სიზმრები, ინტუიციის შემოტევები, ბიოდენები) აწუხებდა.

 დასასვენებლად ვიყავით ერთად.

 ერთხელ, ოთახის მოპირდაპირე კუთხეებში მდგარ საწოლებზე წამოწოლილები, ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარს შევყევით.

 ხშირად გვემართებოდა ხოლმე, მოულოდნელად ერთი და იგივე სიტყვებით ვიწყებდით ლაპარაკს. მაშინაც ასე მოგვივიდა. გაგვეცინა, მალე სიზმრებსაც ერთნაირს ვნახავთო და უცებ უჩვეულო რამ დამემართა – ვიგრძენი, ჩემი სხეულიდან „რაღაც“ გამოვიდა და ოთახის ცენტრში, ჭერის სიმაღლეზე, ჩემი მეგობრის სხეულიდან გამოსულ „რაღაცას“ შეხვდა.

 ისეთი მკვეთრი შეგრძნება იყო, ენა ჩამივარდა.

ცოტა ხნის შემდეგ შუბლზე ხელი მოვისვი და ჩემს საწოლზე „დავბრუნდი“.

მეგონა, მომეჩვენა და ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, მეგობარს რომ არ ეკითხა იმავე წუთს: „შენც იგრძენი?“

თურმე მანაც ზუსტად იგივე განიცადა.

 candleდასტურის ნიშნად

 ამას წინათ ჩემს შვილს ვესაუბრებოდი. რაღაც პრობლემა გვქონდა. მის მოსაგვარებლად საჭირო, ჩვენთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი რესურსების განხილვა რომ მოვათავეთ, სააღდგომო კელაპტარი დავანთოთ და ღმერთს ვთხოვოთ, სწორი გზა გვაპოვნინოს-მეთქი, შევთავაზე.

 რამდენიმე ლოცვა წავიკითხე და სანთელი ჩემი ხელით ჩავაქრე. ეს მომენტი იმითაც დამამახსოვრდა, რომ თითები ძალიან გამემურა. როგორ დავითხუპნე-მეთქი, შვილსაც ვაჩვენე და ძლივს მოვიშორე ნამწვის კვალი.

 ამის შემდეგ საუბარი მშვიდად გავაგრძელეთ – რატომღაც, უკვე სრულიად განსხვავებულ, რელიგიურ-ეზოთერულ თემაზე.

 საერთოდ, ადამიანი მარტო საკუთარი ძალების იმედად არ უნდა იყოს, მე მჯერა, რომ ანგელოზები არსებობენ, ყოველთვის ჩვენ გვერდით – აი, თუნდაც ახლა, ამ ოთახში – არიან და ყველაფერში გვეხმარებიან-მეთქი, – ვუთხარი შვილს.

 ამ სიტყვების წარმოთქმა იყო და გვერდითი მზერით დავაფიქსირე, რომ რაღაც განათდა. უცნაური წინათგრძნობით შემოვბრუნდი… დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ჩემი ხელით ჩამქრალი კელაპტარი კაშკაშა ალით ენთო.

sky ხმა ზეციდან

 ეს ამბავი კი დედაჩემს დაემართა.

 ერთხელ ძალიან რთულ სიტუაციაში (მოყოლას რა აზრი აქვს), ძალიან საჭირო ნივთი დაკარგა. ბევრი ეძება, მაგრამ უშედეგოდ.იმდენად განერვიულდა, თავის მოკვლას აღარაფერი მიკლდაო, – მიამბობდა.

 კომუნისტური პარტიის გამოზრდილია, ამიტომ მორწმუნე და ეკლესიური არასოდეს ყოფილა, მაგრამ სასოწარკვეთილმა თურმე ცას ახედა და – ღმერთო, თუ სადმე ხარ, მაპოვნინეო, – დაიძახა.

 „მიიხედე, გვერდით გიგდია“, – როგორც ახლა ჩემი ხმა გესმის, ისე მკაფიოდ ჩამესმა ყურშიო, – ირწმუნება. მიიხედა და, ალბათ ხვდებით… იქვე, მის ფეხებთან ეგდო, რასაც ამდენ ხანს დაეძებდა.

Advertisements

37 responses to “უცნაური ამბები ჩვეულებრივი ადამიანის არცთუ მთლად ჩვეულებრივი ცხოვრებიდან

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ მარტი 20, 2012, 10:12 PM

    ცოტა დაუჯერებელი ამბებია .. მაგრამ მაინც რაღაცნაირი

    • Ketevan Gogiashvili მარტი 21, 2012, 2:57 PM

      აი, ამიტომ არ მინდოდა გამოქვეყნება 😦

      ვეუბნებოდი კიდეც ქეთუსის, აშკარად ვრისკავ-მეთქი (სულაც არ მინდა მეზღაპრის იმიჯი :)).

      ისე, თუ რაღაცნაირი (იმედია, საინტერესო) მაინც გეჩვენა, კიდევ არა უშავს… 🙂

  2. tami მარტი 20, 2012, 11:45 PM

    რეალობააა ვითომ?

  3. ketusi.com მარტი 20, 2012, 11:49 PM

    მე ყოველი სიტყვის მჯერა

  4. Ketevan Gogiashvili მარტი 21, 2012, 2:49 PM

    გმადლობ, ქეთუსი 🙂

  5. ფერადი მარტი 21, 2012, 2:55 PM

    საინტერესო და ამავდროულად უცნაურობაცაა, შეიძლება რეალობაა მარა არმჯერა თუ მსგავსი რამ მეთვითონ არ გადამხდა… :):):):) მარა მოტყუების მიზეზსაც ვერ ხვდები… ძალიან საინტერესოა დეი :*

  6. გიორგი თვალაძე მარტი 21, 2012, 11:01 PM

    ქეთევან შესანიშნავი ისტორიებია. აქ ძალიან დიდი სიღრმე და მისტიციზმია ჩადებული, რაც აბსოლუტურად თითოეული ადამიანის ირგვლივ ხდება, უბრალოდ უმეტესობას ძალა არ შესწევს მსგავსი რაღაცეების შესაცნობად და რაც მთავარია საჭირო პარალელების გასავლებად.

    თუ პაულო კოელიოს “ალქიმიკოსის” მიხედვით ვიმსჯელებთ, სადაც ის მსგავს მოვლენებს, ნიშნებად მოიხსენიებს, ამ ნიშნების არსებობა გასაკვირი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, მთავარია, ამ ნიშნებიდან სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ და რისთვისაც გვეძლევა, იმაში გამოვიყენოთ (ე,ი, ჭკუა ვისწავლოთ).

    აბა, მე და ჩემს მეგობრებს ზედაზნის მონასტერში ისეთი რამ შეგვემთვა, რომ ალბათ მაგაზე პოსტი რომ დავწერო მეზღაპრეთ შემრაცხავენ :). უბრალოდ კარგი ის არის, რომ მარტო არ ვიყავი და იმ ამბავმა ბევრი ადამიანი დაგვტოვა პირდაღებულები 😉

    ამ პოსტში, პირველი სამი ისტორია კი, აშკარად იმის მინიშნებაა, რომ სხვაზე მუშაობა შენი საქმე არ არის და შენი პირადი ბიზნესი გჭირდებაოოო :)))

  7. Ketevan Gogiashvili მარტი 21, 2012, 11:18 PM

    გიო, ისე კარგად გამიშიფრე ნიშნები, ამ საქმეში აშკარად გაწაფული უნდა იყო 🙂 ხომ ხედავ, მივხვდი მეც ბოლოს, როგორც იქნა… სანამ ყველაფერი თავზე დამემხობოდა 😀

    ზედაზნის ისტორიამ დამაინტრიგა. მოგვიყევი რა, გთხოვ… ვინც დაიჯერებს, დაიჯერებს.

  8. თამუნა მარტი 22, 2012, 10:15 AM

    ქეთი, ამ მოთხრობილიდან ერთ-ერთი მეც გადამხდა, ელექტროღუმელის სპირალის შევაერთე ჩართულზე 🙂 საინტერესო შეგრძნება იყო ))

    • Ketevan Gogiashvili მარტი 22, 2012, 10:45 AM

      ხედავ, რამდენი საერთო გვაქვს 😀

      ეტყობა, არ დამდგარა ჩვენი აქედან წასვლის დრო – განგება გვაფრთხილებს: დაეტიეთ მანდ და წესიერად მოიქეცითო )))))))

      უი, თამ! შენ იცი ის ღუმელი, რომელზეც ვლაპარაკობ… გახსოვს, მე და შენს ძმას რომ გვედგა მწერალთა სახლში… რამდენჯერ მოგვიხარშია ყავა ერთად!

  9. თამუნა მარტი 22, 2012, 10:52 AM

    ki vici )) p.s. shensavit gemrielad kavas aravin adugebs

  10. აისბერგი მარტი 22, 2012, 1:58 PM

    დაუჯერებელი ამბებია. მაგრამ მე მჯერა 🙂 უამრავი რამ შემემთხვა ასე დაუჯერებლად 🙂 რეალობა იყო თ არა დღემდე არ ვიცი, მაგრმა რეალობას უფრო გავდა 🙂

    • Ketevan Gogiashvili მარტი 22, 2012, 3:12 PM

      აჰა, ხომ ვამბობდი… ნელ-ნელა მჟღავნდებიან ფარული “მისტიკოსები” 😀
      მერე როდის უნდა მოგვიყვე ამის შესახებ?

      • აისბერგი მარტი 22, 2012, 5:11 PM

        ჰმ… არ ვიცი არ ვიცი. ჩემი ბლოგის ფორმატი ცოტა სხვანაირია და არ ჯდება ასეთი ამბები. ოდესმე თუ გადავწყვიტე პირადი ბლოგის შექმნა, მაშინ მოგიყვებით 🙂

  11. Charlius მარტი 22, 2012, 5:11 PM

    მესამეს მსგავსი მეც გადამხდა – ე.წ. “ნაჩნიკის” რკინის ნაწილს მოვკიდე ხელი ისე, რომ არ ვიცოდი, დენზე შეერთებული რომ იყო. ოღონდ მე დენმა დამარტყა :შ

  12. Mallorie მარტი 28, 2012, 9:31 AM

    ქეთევან, ნამდვილად გეთანხმები იმაში, რომ მხოლოდ ის ადამიანი დაიჯერებს ამ ამბების რეალობას, ვისაც მსგავსი რამ გადახდენია. მე მჯერა.
    გასაღებზე მეც დამემართა ანალოგიური. პირველად მოხდა, ყველაზე ბოლო რომ გავედი სახლიდან, როგორც წესი, პირველი მე ვიკეტავ კარს ხოლმე. მოკლედ, ასე იყო, თუ ისე, კარების დაკეტვის შემდეგ, საჭირო ადგილას მოვათავსე, ჩემი უშველებელი გასაღები, უფრო უშველებელი ბრელოკითურთ. შვიდმა მტანჯველმა გაკვეთილმა, როგორც იქნა ჩაიარა. დაქალისთვის უნდა გამევლო და მისი მაისური ამეტანა, თუმცა დამეზარა და მომავალი დღისთვის გადავდე, ამიტომაც პირდაპირ სახლისკენ გავწიე. კიბეებზე დიდი ვაივაგლახით ავფოფხდი და ჩანთაში ჩავყავი ხელი, გასაღები ამოვიღე, ამ დროს ტელეფონმა დარეკა, დედა იყო. ნამდვილად მახსოვს, გასაღები შარვლის მარჯვენა ჯიბეში რომ ჩავიდე. მოკლედ, მოვრჩი დაკითხვას და და ჯიბეში ჩავყავი ხელი, მაგრამ გასაღები და კაი ცხოვრება სადააა, ფააფუ. ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. ამიჩქარდა გული, ამტკივდა თავი. რაც კი საშინელება შეიძლებოდა წარმომედგინა, ისინი დამიდგა თვალწინ. გაბრაზებულმა ურდულს ჩამოვკარი ხელი და არ გაიღო კარი… აეუფ. სრულიად დავიბენი. რა ჯანდაბა უნდა გამეკეთებინა, აშკარად 2 წუთის წინ ხელში მეჭირა გასაღები და შემდეგ ჯიბეში მოვათავსე, თუმცა ვერსად ვპოულობ. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა – სახლში რომ შევედი, გასაღები მაგიდაზე დამხვდა დადებული. დედას მოვუყევი და ფანტაზიის ნაყოფია მაშნვე მითხრა, ერთი გადახარხარებითურთ. ასე და ამგავარად ისე ჩემი ამბავი.

    • ketusi.com მარტი 28, 2012, 12:25 PM

      უიიიი,რა საოცარი ამბავია ,მაცოოოო

    • Ketevan Gogiashvili მარტი 29, 2012, 12:34 AM

      პარალელური განზომილებების არსებობა, მგონი, უკვე მეცნიერულად დასტურდება. ჰოდა, ბევრ ასეთ “საოცრებას” აეხდება ფარდა 🙂

      დიდი მადლობა, ასე საინტერესოდ და გემრიელად რომ მოყევი შენი ამბავი.

  13. NüCi აპრილი 25, 2012, 7:43 PM

    ar vici ramdenad damajerebelia,tumca ubralod unda daijerot..:)

  14. NüCi აპრილი 25, 2012, 7:46 PM

    “shexvedra astralshi” -am monakvets vgulisxmob..:))

    • ketusi.com აპრილი 25, 2012, 10:34 PM

      ჩეთვის ამ პოსტის ავტორი საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებაა და უსიტყვოდ მჯერა მისი,მაშასადმე–ასეთი რამ არსებობს! თან სხვისგანაც გამიგია მსგავსი რამ :0

    • Ketevan Gogiashvili მაისი 22, 2012, 3:09 PM

      დაჯერება მართლა ძნელია, მაგრამ ნამდვილად შემემთხვა და რა ვქნა? 🙂 თან ისეთი რეალური შეგრძნება იყო – აი, არანაირ ეჭვს რომ არ ტოვებს, ისეთი…

  15. Dato Turashvili აპრილი 3, 2013, 3:05 AM

    მიყვარს ასეთი ისტორიები , კიდევ დადეთ თუ გადაგხდენიათ 😀 მე ისეთი არაფერი მაგრამ ამდაგვარი რამდენიც გინდა ^_^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: